logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

09 აგვ 202120:41
3 წუთის საკითხავი
 
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ხელისუფლებას ახალი სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ჩახშობაა. სანქციები აგრეთვე, ბელარუსი ბლოგერის გატაცებას ეხება. 

სანქციები მოიცავს სავაჭრო და ფინანსურ შეზღუდვებს, ასევე ავიაციას. მაგალითად, ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა და უარი თქვა იმ თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლებითაც ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები სარგებლობენ.

ახალი სანქციების დამატებას ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა აპირებენ. 

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ბლოგერი, ფოტოგრაფი, აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ოპოზიციური მედიის NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამავე სააგენტოს მთავარი რედაქტორიც იყო. ეს სააგენტო აქტიურად აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. გარდა ამისა, პროტასევიჩი ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდშიც იყო. ის კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა საპროტესტო აქციას. 

2021 წლოს 23 მაისს რომან პროტასევიჩი დააკავეს. დაკავებამდე ის ბელარუსში ძებნილად იყო გამოცხადებული.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე პროტასევიჩი იმყოფებოდა.

თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა - თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​შეაცვლევინეს

დაკავების შემდეგ რომან პროტასევიჩს სასტიკად სცემეს. 

აქტივისტის მამა ამბობს, რომ თავდაპირველად მის დახრჩობასაც ცდილობდნენ და რომ ხელებზე ახლაც ატყვია ბორკილების კვალი. დმიტრი პროტასევიჩის თქმით, მისი შვილი დააშინეს. 

პრესკონფერენციაზე გამოჩენამდე ბელარუსის სამთავრობო მედიებმა დაკავებული რომან პრატასევიჩის მიმართვაც გამოაქვეყნეს, რომელშიც ის "აღიარებით ჩვენებას აძლევს" მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. 


close დახურვა