
კლინიკა ბომონდის მედიკოსები ღია წერილით მიმართავენ საზოგადოებას და ვაქცინაციის მოუწოდებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არაა.
"თვეებია ვიბრძვით პანდემიის წინააღმდეგ. შევძელით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა გვქონდა მძიმე დღეებიც, როდესაც ვმარცხდებოდით სიკვდილთან ბრძოლაში. არ გვიწუწუნია კლინიკაში გადათენებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე-მშობლებზე. არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით. სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.
უმორჩილესად გთხოვთ! ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით-ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ", - ნათქვამია მედიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში 30 ივლისს მოხვდა.
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადაასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა.