logo
ENG



ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მათ რუსული ჯარი საქართველოში "შემოაბრუნეს"

11 აგვ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock 1143

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მათ რუსული ჯარები საქართველოში "შემოაბრუნეს". ამის შესახებ ღარიბაშვილმა წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა. აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე ქართული ოცნების ლიდერი კვლავ მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე საუბრობს და მას "ლაჩარს" უწოდებს.

"სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო, რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო როგორც ლიდერმა თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. გარკვეული პერიოდი შეიძლება შეაცდინო შენი მოსახლეობა, რაც ჩვენ გამოვცადეთ, მაგრამ, არაფერია დაფარული, რაიც არა გაცხადდეს. არაფერი არ იმალება ქვეყანაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა