ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყება უკვე ზრუნავს გარკვეული სივრცეების მოძიებაზე, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლები გაიხსნება.
თუმცა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, ეს მისთვის ძალიან არასასურველი სურათი იქნება. ტიკარაძემ თქვა, რომ წინა ტალღების დროს სწორედ ის იღებდა მტკიცე გადაწყვეტილებას, არ გახსნილიყო საველე ჰოსპიტლები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.
"ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლები გაიხსნება. ამის ალბათობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ.
თუმცა, ჩემთვის ეს არის ძალიან არასასურველი სურათი და მეორე ტალღის პერიოდშიც მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ისე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას.
ბოლოდროინდელი მკაცრი განცხადებები, რომლებიც ისმის ჯანდაცვის სამინისტროსგან, მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა". - თქვა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდება საველე ჰოსპიტალი. უწყება სივრცის შერჩევაზე მუშაობს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მაქსიმუმი, რისი მობილიზებაც ჯანდაცვის სისტემას კლინიკებში შეუძლია, 8 ათასი საწოლია.