კოვიდგადატანილი მოქალაქე, ლადო ვართანოვი ყვება გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, რომელიც მასთან ერთად პალატაში იწვა. როგორც ვართანოვი ამბობს, გარდაცვლილი ნანობდა, რომ ვერ აიცრა.
"საავადმყოფოში, ჩემს გვერდით ჩემი ასაკის ბიჭი იწვა. გავიცანი, დავახლოვდით, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. სულ ვეხმარებოდი, ექიმს ვეძახდი, ჟანგბადის დარეგულირება ვისწავლე და როგორც მეტყოდა იმ დონეზე ვაყენებდი. სულ ვამხნევებდი. როცა მე გამომწერეს, მითხრა, უშენოდ რა მეშველებაო, იყავი რა ცოტა ხანს კიდეო. მე ვუთხარი, შემპირდი, რომ მალე გამოხვალ ამ ჯოჯოხეთიდან მეთქი. კიო, გამოვალ, დაგირეკავ და აღვნიშნოთ გამოჯანმრთელებაო. სულ ვურეკავდი, ვკითხულობდი.
დღეს, დარეკვა მინდოდა, თავი შევიკავე, ფეისბუქზე მის გვერდზე შევედი და უბედურება დამხვდა, ვაჟა გუშინ გარდაცვლილა. ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი, ვერ აღგიწერთ.
ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო, მაგრამ ვერ მოასწრო საწყალმა. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებსაც", - წერს ლადო ვართანოვი.