
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მთავრობა კერძო სექტორსაც მიმართავს.