logo
ENG



საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

16 აგვ 202111:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტში მისვლას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდე ხვთისიაშვილმა ისაუბრა, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინის ბორტით უნდა წამოსულიყვნენ, თუმცა, დაძაბულობის გამო, აეროპორტში ვერ მივიდნენ.

ის ამბობს, რომ მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით თურქული მხარე მიიყვანს.

"ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი.

მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მისვლა იმიტომ, რომ მდგომარეობა ქაბულში იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს ბაზაზე დარჩენა. ახლა ვმუშაობთ საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, რომ ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით აეროპორტში, ახალ მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ  მათ ჩამოყვანას საქართველოში", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი გუშინ, 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა