logo
ENG



ზურაბ ზვიადაურს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

18 აგვ 202123:53
3 წუთის საკითხავი
clock 7230

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, პატიმრობა შეეფარდა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.

ადვოკატებმა პროცესზე ზვიადაურისთვის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ამასთან, ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

პროცესზე ზვიადაურმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს:

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო...", - თქვა ზვიადაურმა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ზვიადაურს ხვალ დაღუპული ძმის დაკრძალვაზე დასწრება სურს, რაც პატიმრის სტატუსით არის შესაძლებელი. 

გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.

ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა. 


close დახურვა