logo
ENG



ქუცნაშვილი მოსამართლეს: ზვიადაური ჩემს სახლში იყოს პატიმრობაში, მე ვიქნები პასუხისმგებელი

18 აგვ 202123:07
3 წუთის საკითხავი
clock 10645
2021/08/18/nc5l6kdg6lgco4n.jpg

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლო მის შეთავაზებას მიიღებს, ზვიადაურზე თავად იქნება პასუხისმგებელი.

"მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზურაბ ზვიადაური იცხოვრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე... შეგვიძლია მთელი სახლი დავუთმოთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლესაც იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე, კარებს ჩავკეტავ გასვლისას და გავაღებ მოსვლისას. იგივე მოხდება ციხეშიც.

მე ვამბობ, რომ სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს ზურას წინასაწარ პატიმრობაში. სისტემას არ დააწვება ახალი ​პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე", - თქვა ქუცნაშვილმა.

თელავის რაიონულ სასამართლოში წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ავოკატმა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ასევე, პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ზვიადაურს თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ავთო ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.

ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა. 


close დახურვა