
ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერის ბრალდებას პასუხობს იარაღის ჩადებაზე და ამბობს, რომ გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და მას უნდა ჰკითხონ, შექმნა თუ არა "ასეთი პოლიცია"?
"ჯერ ერთი, თუ გიორგი გახარია და მისი გუნდი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ახასიათებს ისეთი მეთოდები როგორიცაა იარაღის ჩადება, თავად გიორგი გახარიას უნდა ვკითხოთ. ის იყო ჩვენი შს მინისტრი და შემდგომ პრემიერმინისტრი. რამდენად ახასიათებს მასაც პიროვნულად იარაღის ჩადება, ეს მას უნდა ვკითხოთ. ჰკითხონ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს, ასეთი პოლიცია შექმნა მან, რომ წავიდოდა იმაზე რომ ჩაედო იარაღი? თუ გახარია იტყვის, კი, მე შევქმენი ისეთი პოლიცია, რომელსაც შეეძლო რომ იარაღი ჩაედო, ამის შემდეგ გარკვეულ კომენტარს გავაკეთებთ", - უთხრა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე აღნიშვნით, "არანაირი მაჩვენებლები" არ მეტყველებს გახარიას ისეთ წარმატებაზე, რომ "ქართულ ოცნებას შეეშინდეს.
"ასეც რომ იყოს, ჩვენი სტილი პოლიტიკური დევნა არაა".
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 19 აგვისტოს შეუფარდა.
ბართაია 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბართაია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს და იარაღიც ამის გამო ჩაუდეს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. 17 აგვისტოს კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდებოდა ყოფილი პრემიერმინისტრი.