logo
ENG



ლომჯარია: მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე

24 აგვ 202100:57
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

"რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება. 

ამ ვითარებაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. 

რატომ არავინ მსჯელობს - პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას - ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია". - თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში. 

მან ასევე ხაზი გაუსვა სათანადო რეგულაციების არარსებობას მაშინ, როცა კორონავირუსით დღეში 60-70 ადამიანი იღუპება. 

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.

"საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.

არ შეიძლება მაშინ, როცა დღეში 60-70 ადამიანი იღუპება, ყველაფერი იყოს ღია. 

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა. 

ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ". - თქვა ნინო ლომჯარიამ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამ კუთხით მუშაობა დაიწყო ოპოზიციამაც. 

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გარე და შიდა სივრცეებში კი სავალდებულოა პირბადის ტარება. 

საკოორდინაციო საბჭო მსჯელობას გეგმავს სხვა შეზღუდვებზეც. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი გარდაიცვალა. 

გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში 6831 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 453 488 შემთხვევა. 


close დახურვა