
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმისთვის, რომ ვაქცინაციამ პანდემიის მიმდინარეობის პროცესში გარდატეხა შეიტანოს, დღეში 40 ათასზე მეტი აცრა უნდა ჩატარდეს.
"მიდის მუშაობა, რომ მეტად აქტიური გახდეს ვაქცინაციის პროცესი". - თქვა მან.
23 აგვისტოს საქართველოში 30 067 აცრა ჩატარდა.
სულ ჩატარებულია 979 813 აცრა, მათგან 294 365 - ორჯერადად.
საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრა იცავს სიკვდილისგან, ამცირებს ვირუსის გადადების და ინფექციის მძიმედ მიმდინარეობის რისკებს.
რაც შეეხება მდგომარეობას კლინიკებში - თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში მოთავსებულია 7410 პაციენტი, მათგან 1568 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი კი - რეანიმაციაში.
"კლინიკებში სულ მობილიზებულია 8022 საწოლი. ეს არის მაქსიმალური რიცხვი, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს საწოლების მობილიზებას სომატური განყოფილებების პროფილის ცვლილების ხარჯზე". - თქვა გაბუნიამ.
კლინიკების გარდა, საქართველოში გახსნილია საველე ჰოსპიტლები. დიღმის ჰოსპიტალს 400-მდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მიღება შეუძლია. 23 აგვისტოს აქ 60 ადამიანი იწვა.