ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლება ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამით, ხელისუფლებამ მაგალითი მისცა სხვებს. მისივე შეფასებით, მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.
"ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე გაწელა, რადგან 25-ში იყო 6 თვე გასული, სწორედ 6 თვე მიუსაჯა, მაგრამ დამნაშავედ სცნო. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლე რომელმაც სპეციალურად მიიყვანა აქამდე საქმე, ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა.
ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სასამართლოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და საზოგადოების დამოკიდებულება", - თქვა ვახო სანაიამ.
ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.
სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.