logo
ENG



სანაია: დღეს 20:00 საათზე მშვილდაძეზე თავდასხმის ახალ დეტალებს გაჩვენებთ

04 ივლ 202317:16
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ტელეწამყვანის და ჟურნალისტის, ვახო სანაიას თქმით, დღეს, 20:00 საათზე ფორმულას ეთერში მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ახალი დეტალები გავა.

"თუ ვინმე ახლა ფიქრობს რაიმე ისეთი ვერსიების შემუშავებაზე, რაც გამორიცხავს იმას, რაზეც რბილად ვამბობთ, რომ ეჭვები გვაქვს, ეს ამბავი არ გამოვა იმიტომ, რომ იმდენად ბევრი დეტალია, იმდენად ბევრი ფაქტორია,რომ შეუძლებელია აქედან რაიმე სხვა ვერსია შეადგინოთ, გარდა იმისა, რაც უკვე არსებობს. რამდენ ვერსიასაც შეადგენთ, იმდენჯერ ჩამოგეშლებათ თავზე იმიტომ, რომ დღესაც, საღამოს რვაზე, თქვენ ნახავთ ახალ დეტალებს, ახალ კადრებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდო ორგანიზებული დანაშაულია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ კადრების მიხედვით. ფორმულა ახლა ამით ცხოვრობს, ყველა ადამიანი ჩართულია იმაში, რომ მთელი ეს დანაშაული გამოაშკარავდეს და იმდენი დეტალია, რომ შეუძლებელია, რაიმე სხვა ვერსია დადოთ. დღეს რვაზე კიდევ გაჩვენებთ დამატებით დეტალებს"- თქვა ვახო სანაიამ.

ამავე ბრიფინგზე მიშა მშვილდაძემ კვლავ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რომ 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა. 


close დახურვა