logo
ENG



ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ჟურნალისტს ბერმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან წყობიდან გამოიყვანა

28 აგვ 202120:45
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, ფორმულას ჟურნალისტს ბერმა იოანემ შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, როცა ის მდგომარეობიდან გამოიყვანეს. 

მიტროპოლიტის მტკიცებით, მედიას არ ჰქონდა უფლება, მონასტერში მისულიყო - მან საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება მოიშველია და ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "[განცხადება] იყო პირდაპირი გაფრთხილება, რომ კანონის დარღვევაა მონასტერში შეჭრა და ღვთისმსახურების ხელის შეშლა".

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ის არ იწონებს ბერი იოანეს საქციელს და ინციდენტის შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მას კადრების ხილვის შემდეგ, მიტროპოლიტმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ცუდი სიტყვების მოსმენა არავის სიამოვნებს, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, რაც ილაპარაკა - ყურს არ გაეგონება... ადამიანს რომ გამოიყვან მდგომაროებიდან და მერე ტირაჟირებას გაუკეთებ, ესაა კანონდარღვევა. ის ადამიანი ძალიან ცუდად მოიქცა, ორი აზრი არ არსებობს.

მის ამ ლექსიკას და აგრესიას არ აქვს გამართლება. ძალიან ძნელია. ვცდილობ, არ მქონდეს მე აგრესია - ახლაც თუ ავღელდი, მაწყვეტინებთ უბრალოდ. ყველას თავის შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებ. ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა. მისი სული მაბარია - როგორ შეიძლება ის არ დავსაჯო, მკაცრად არ მივუთითო. არ დამთავრებულა ეს ამბავი - ხვალ, ზეგ და ამზეგ ალბათ ბევრი გამოჩნდება მსურველი, რომ ეს ბერი მწყობრიდან გამოიყვანოს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ფორმულას ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა რეაგირებას შეიძლება ელოდოს საზოგადოება საპატრიარქოს მხრიდან, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე გადაწყვეტილებას იღებს ეპარქიის მმართველი.

„ეპარქიის ცხოვრებაში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობს ეპარქიის მმართველი. როგორც კი დავრბუნდები, გავარკვევ ამ ყველაფერს და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ტელევიზიით ნანახზე ვერ მოვახდენ სრულყოფილ რეაგირებას, ესაა საფუძველი, რომ გავერკვე, რა მოხდა სინამდვილეში", - ამბობს მიტროპოლიტი.

 

თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ვრცლად ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ წაიკითხეთ აქ.


close დახურვა