logo
ENG



ნაცვლიშვილი საკოორდინაციო საბჭოს: რის საფუძველზეა რესტორნები გახსნილი და სკოლები დახურული?

01 სექ 202115:16
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კორონავირუსის მართვა ევალება და რიგ გადაწყვეტილებებს იღებს, გაუმჭვირვალედ და დემოკრატიის დაბალი სტანდარტით მუშაობს. 

ნაცვლიშვილმა თქვა, რომ მან სხდომის ოქმების ასლები გამოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ. 

"ეს დოკუმენტები და მათი საჯაროობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არგუმენტებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, რესტორნები უნდა იყოს ღია და სკოლები დახურული, რომ ბაღები ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტებში სწავლა არ განახლდება, რომ საჯარო ტრანსპორტი კვლავ არ მუშაობს და მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის წინაშე, რადგან მათ არ შეუძლიათ საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება.

როგორ მუშაობს საბჭო, არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ მათი სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც იქნებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, სხდომის ოქმების მოწოდებაც არ უნდათ". - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მან საბჭოს სხდომის ოქმების მიწოდება კიდევ ერთხელ, საჯაროდ, მედიით სთხოვა, ასევე, მიმართა შესაბამისი წერილითაც. 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ ოქმებს კვლავ არ მიაწოდებენ, სასამართლოს მიმართავს. 

"მომიწევს, ვიდავო სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, პრინციპული და ღირებულებითი საკითხია - გაასაჯაროვეთ, რა კვლევებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით უწყვეტთ საზოგადოებას, როგორ ვიცხოვროთ, რომ გამობრძანდებით ხოლმე და საზოგადოებას მზა-მზარეულ დირექტივებს გასცემთ, როგორც ვიცხოვროთ, რას ემყარება თქვენი გადაწყვეტილებები?! დემოკრატიულ საზოგადოებაში პანდემიის მართვა ასე არ ხდება". - განაცხადა მან. 

საკოორდინაციო საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსოპორტის მუშაობა, დაპირებული 4 სექტემბრის ნაცვლად 13 სექტემბერს აღდგება, სკოლებში სწავლა კი 15 სექტემბერს, სულ მცირე, 4 ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 4 ოქტომბერს სასწავლებლების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას გამოიყენებენ. ეს გულისხმობს, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება სასწავლო ოთახებში. ამასთან, მშობელს შეეძლება აირჩიოს, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ პირისპირ. 

პარალელურად ღიაა ყველა ბიზნეს დაწესებულება. 


close დახურვა