logo
ENG



"მშობლები განათლებისთვის" ონლაინსწავლებაზე: ვშიშობთ, რომ მივიღებთ "კოვიდის დაკარგულ თაობას"

02 სექ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
"მშობლები განათლებისთვის" ონლაინსწავლებაზე: ვშიშობთ, რომ მივიღებთ "კოვიდის დაკარგულ თაობას"

არასამთავრობო ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის მთავრობას წერილით მიმართავს და ბავშვების წინაშე ნაკისრი საკონსტიტუციო და კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

გაერთიანების წევრები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ბავშვების იზოლაციას და ბაღებისა და სკოლების დაკეტვას ახლავს.   

„ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები.

ჩვენთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ არ დავმდგარიყავით ამ ფაქტის წინაშე, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ მხოლოდ შეზღუდვებზე და არა იმაზე, როგორ მუშაობენ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად.  კონკრეტულად  რა ნაბიჯები გადაიდგა ამისთვის, რა შედეგებს მიაღწიეს და რა არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში” - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ ნაბიჯებსაც სახავს იმისათვის, რომ სასკოლო განათლება ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და, რაც მთავარია, არ იკლოს მიღებული განათლების ხარისხმა.

ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული გეგმა შემდეგია:

  • სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში;
  • დანერგოს დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში და  შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ცალკეული სკოლა, რომლის მიხედვითაც შეფასდება რისკები და მიიღება გონივრული გადაწყვეტილებები;
  • დაუყოვნებლის დაადგინოს და გამოაქვეყნოს უსაფრთხოების ის ნორმები, რომლითაც უნდა იხელძღვანელონ სკოლებმა გახსნის შემდეგ;
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მშობელთა ჩართულობა-მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა;
  • ინდივიდუალურად სკოლებმა ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალიზაციის პროცესს;
  • I და XII კლასებისთვის გამონაკლისის დაშვება და მათთვის სკოლის შენობების გახსნა. რათა პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის და სოციალიზაციის პროცესი სწორად წარიმართოს, მე-12 კლასელებს სკოლაში მიღებული ცოდნით ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად;
  • სწავლის დაწყებამდე შემუშავდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული სტრატეგიები;
  • სახელმწიფომ შეამციროს ციფრული უთანასწორობა და 50400 ბავშვი, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ტექნოლოგიებზე, არ დატოვოს განათლების მიღმა;
  • ბაგა-ბაღებში შემუშავდეს ფიზიკური/გონებრივი/სოციალური განვითარებისთვის საჭირო  ღია სივრცეზე მორგებული აქტივობები;
  • დაეხმაროს სახელმწიფო შშმ და სსსმ ბავშვებს უწყვეტად მიუწვდებოდეთ ხელი თერაპიულ მომსახურებაზე;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან მუშაობისთვის. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021-22 სასწავლო წლისათვის სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 

საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა ონლაინ წარიმართება.

შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. 

4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები. 

 


close დახურვა