logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრი: იპოდრომის პარკის სამშენებლო დოკუმენტებს არ ასაჯაროებენ

03 სექ 202111:37
3 წუთის საკითხავი
clock 918
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: იპოდრომის პარკის სამშენებლო დოკუმენტებს არ ასაჯაროებენ

სოციალური სამარლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდორიმის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ. 

ორგანიზაციის შეფასებით, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და ქალაქის საჯარო ინტერესებთან მისი შეუთავსებლობის შესახებ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საფუძვლით თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა, ქალაქ თბილისის მერიას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის მოთხოვნით 15 ივლის მიმართა. 

"2021 წლის 19 ივლისის პასუხით გვეცნობა, რომ ინფორმაცია ამ მშენებლობის შესხებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემთა ბაზაში არ ინახებოდა და ჩვენი განცხადება გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. 

მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ყველა ვადის გასვლისა, ადმინისტრაციულ ორგანოს პარკის მშენებლობის ნებართვა ჯერაც არ გაუსაჯაროებია", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია 2020 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქის მერმა წარადგინა. ამავე წლის 19 ოქტომბერს კი მშენებლობის პროცესი დაიწყო.

2021 წლის 10 აპრილს საინიციატივო ჯგუფის, "იპოდრომი - უბეტონო მხარის" პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პარკის პროექტს აპროტესტებდა და ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას მოითხოვდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის წერილობით თხოვნას ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობაზე თბილისის მერიამ 23 აპრილს უარით უპასუხა იმ საფუძვლით, რომ პარკის პროექტს საქველმოქმედო ფონდი ქართუ ახორციელებს და მოთხოვნაც მათთან უნდა გადამისამართდეს. 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ათ წელზე მეტია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაშია და ამ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა არც ერთ მათგანს არ განუხორციელებია.


close დახურვა