პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
"პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორაა დიფერენცირებული ეს ვალები და როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს.
მე ვფიქრობ, ძალიან გაზვიადებულია შეფასება, თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა... დიახ ვალია, სესხია. ჩვენ თქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო" - თქვა ღარიბაშვილმა.
მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.
ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე. ამასთან სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობა, მართლმსაჯულების რეფორმის შესრულებაზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.