პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ უფლებების დასაცავ 5 ივლისის ღირსების მარშზე განაცახადა, რომ "პროვოკაცია თავიდან აიცილეს". მისი მტკიცებით ამ კამპანიის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, რომელიც ავტორიტეტული ინსტიტუტებს, მათ შორის ეკლესიას ებრძვის.
ამაზე მან ქართული ოცნების ტყიბულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
"ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის - ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომაც ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ", - თქვა მან.
ღარიბაშვილმა, ასევე ახსენა 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა და ამას "კატასტროფული შეცდომა" უწოდა. მისივე მტკიცებით, ყველა მოძალადე დასჯილია.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები, მათ შორის ალტ-ინფოს წევრები და სხვა სასულიერო პირები არ დაუკავებიათ.
"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და ეს კატასტროფული შეცდომა იყო. თუმცა, რაც მთავარია, ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული", - განაცხადა პრემიერმა.
5 ივლისს 18:00 საათზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა დილიდან ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
5 ივლისის ძალადობაშიც საპატრიარქო და ხელისუფლება ისევ მედიას და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ადანაშაულებენ და ძალადობას არ ემიჯნებიან.