logo
ENG



"არა ჩადებას" - ოზურგეთში დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

05 სექ 202114:38
3 წუთის საკითხავი
clock 2044

"არა ძალადობას, არა ჩადებას" - ოზურგეთში დაკავებული 21 წლის კაცის, გიორგი გოგოტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. 

ოჯახის წევრების თქმით, გოგოტიშვილი ბახმაროდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა 13 აგვისტოს, მანქანით მაშინ გაიტაცეს, როცა კორონავირუსის ტესტის ასაღებად რიგში იდგა.

რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახს შეატყობინეს, რომ ის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. 

ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და 17 აბი სუბოტექსტი მას პოლიციამ ჩაუდო. 

გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები წინა დღეებში ფეისბუქზე წერდნენ, რომ დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება, ასევე იმას, რომ მან ძმებ თალაკვაძეებს საარჩევნო კამპანიაში დახმარებაზე უარი უთხრა. 

თუმცა, მოგვიანებით მათ ფეისბუქიდან მსგავსი შინაარსის პოსტები წაშალეს. 

"თავიდან ამბობდნენ, რომ მას 6 აბი სუბოტექსტი ჰქონდა, მოგვიანებით თქვეს, რომ 17 აქვს. გაზარდეს აბების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა უკავშირდება იმას, რომ ახალგაზრდებს - კრიტიკული აზრის დამბადებლებს შეუტიონ, დააშინონ ისინი, რათა ვერ გადაფასდეს უსამართლო სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგი.  ჩემი აზრით, ეს იყო ირიბი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ გვეშინოდეს მათი". - თქვა დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 


close დახურვა