logo
ENG



კალაძის თქმით, მზადაა, საზმაუზე მერობის კანდიდატებთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა

05 სექ 202121:13
3 წუთის საკითხავი
clock 1436
კალაძის თქმით, მზადაა, საზმაუზე მერობის კანდიდატებთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა

ქართული ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზადაა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის კანდიდატებთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა. დებატების იდეა პარტიის საქართველოსთვის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.

"ძალიან ბევრი ტელევიზია აქტიურობს, ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო", - თქვა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ "რომელიღაც კანდიდატს" ჰქონდა მოწოდება მარტო კალაძესთან და მელიასთან დებატებზე, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია.

"არავის არ ვასხვავებ ერთმანეთისგან. რომელიღაც კანდიდატს ჰქონდა მოწოდება, მხოლოდ მერს და მელიას დავუჯდები დებატებშიო. მარტო მელიას და კალაძეს კი არა, ყველასთან უნდა დავჯდეთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. 16-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული, შესაბამისად, მე არც ერთ კანდიდატს არ ვასხვავებ", - აღნიშნა კალაძემ.

გახარიამ 2 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატები - კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია. დებატებში მონაწილეობაზე თანახმაა ნიკა მელია. რაც შეეხება თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს, ისინი ამ იდეას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დებატებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.


close დახურვა