logo
ENG



ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმებას გენპროკურორის არჩევის ნაწილშიც უგულებელყოფს

06 სექ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock 965
ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმებას გენპროკურორის არჩევის ნაწილშიც უგულებელყოფს

ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებულ კიდევ ერთ ნაწილზე ამბობს უარს - საქმე გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად"

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა, მმართველი პარტია ამ ჩანაწერს სიმახინჯეს უწოდებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.  

ამიტომ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს.

ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამბობს, რომ ამ ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა არ არსებობს. 

"მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, ის ვალდებულება, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს ჰქონდა აღებული ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე არსებობდეს რაციონალური არგუმენტები ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით". 

საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს არა მხოლოდ გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას, არამედ მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევას. ამასთან ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს აღნიშნული კანონპროექტი განიხილეს, შალვა შავგულიძემ განაცხადა: 

"თუ ქართული ოცნება დაიჭერს ისეთ პოზიციას, რომ თუ გენპროკურორის საკითხში მხარს არ დამიჭერთ, მე მხარს არ დავუჭერ საკონსტიტუციო კანონის პროექტს, ეს სხვა პოლიტიკური ძალების იძულებით კედელთან დაყენებაა, რომლებმაც, ამ ქვეყანაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მოუწევთ ფიქრი და მსჯელობა - რა ვქნათ, დავაღუპინოთ ქართულ ოცნებას სხვა ცვლილებებიც თუ გავწიროთ პროკურატურა დროებით, იმიტომ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც გასატარებელი იქნება სამართალწარმოების რეფორმა". 

საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ასევე ითვალისწინებს ფრაქციების შექმნის უფლებას 4 დეპუტატით, ნაცვლად 7-ისა, პარლამენტი პლენარულ სესიაზე 7 სექტემბერს განიხილავს. 


close დახურვა