ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დამტკიცება ოპოზიციის მხრიდან "პოლარიზაციის შემცირების ქმედით სურვილზე" იქნება დამოკიდებული.
მისი განცხადებით, მმართველ პარტიას დაბალი ბარიერის მხარდაჭერის მოტივაცია იმ შემთხვევაში ექნება, თუ ასეთ სურვილს დაინახავს. ამათან, დაბალი ბარიერი, თავის მხრივ, სტაბილურობის კუთხით საფრთხეებს შეიცავს.
"ჩვენ მხოლოდ ენმ-ის პარლამენტში შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ საკითხის მხარდაჭერა. ჩვენ ეს დავუკავშირეთ მათ ქმედით სურვილს, შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ სწრაფვებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომ არსებობს პოლარიზაციის შემცირების სურვილი, ასეთ შემთხვევაში გვექნება მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში შეწყვეტილია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელიც 1-ლი მოსმენით დამტკიცებულია და საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებს.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1-ლ დეკემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტის დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული"
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
ეს პირობა შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტმა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა და ბარიერის დაწევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.