logo
ENG



კობახიძე აშშ-სა და EU-ს საელჩოების კრიტიკაზე: როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს მათ

07 სექ 202123:00
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აშშ-სა და EU-ს საელჩოების კრიტიკაზე: როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს მათ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების კრიტიკას, გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდებაზე იმით პასუხობს რომ დიპლომატიურ მისიებს ამ საკითხზე კომპეტენტური ინფორმაცია არ აქვთ. რუსთავი 2-ზე გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი.

"როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, 2-ჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, აუარესებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ყოველთვის ღია ვართ ამისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა", რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა. 

მისი შეფასებით, წარუმატებლობა იყო, ასევე უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ვერმიღება, პირობის ვერდაკმაყოფილების გამო. 

პარლამენტში გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდებას დღესვე გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოცმათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

"ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს", - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტის შესრულებაზეც უარი თქვა. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად". 

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მას "სიმახინჯე" უწოდეს.


close დახურვა