logo
ENG



EU გენპროკურორის დანიშვნის წესზე: ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორ თვეში

07 სექ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 
EU გენპროკურორის დანიშვნის წესზე: ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორ თვეში
ფორმულა/ვახო ქარელი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა" რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა. ამით ელჩი გამოეხმაურა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრას. 

მისი შეფასებით, წარუმატებლობა იყო, ასევე უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ვერმიღება, პირობის ვერდაკმაყოფილების გამო. 

"დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად.

ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომელიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა. 

"ქართული ოცნების" 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას.

შეგახსენებთ, რომ ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა".

წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად.

ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - წერია ჰარცელის განცხადებაში. 

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტის შესრულებაზეც უარი თქვა. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად". 

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მას "სიმახინჯე" უწოდეს.


close დახურვა