logo
ENG



ზარქუა: რბილად რომ ვთქვა, რეალობას არის აცდენილი საელჩოების განცხადება

08 სექ 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock 1453
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა "რეალობას აცდენილს" უწოდებს აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების კრიტიკას იმაზე, რომ "ოცნებამ" შეთანხმებით გათვალისწინებული გენპროკურორის არჩევის წესი ჩააგდო.

ირაკლი ზარქუა იმეორებს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რიტორიკას, რომ კრიტიკა არ ისმოდა ენმ-ს მიმართ, როცა შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ და აშშ-სა და EU-ს წარმომადგენლობას "ცალკეულ საელჩოებად" მოიხსენიებს. 

"ჩემთვის, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი და ეს უნდა ითქვას პირდაპირ. [...] 

მე არ მახსოვს არცერთი მკაცრი განცხადება ცალკეული საელჩოს მხრიდან, რაც ეკუთვნოდა [ენმ-ს], სხვათაშორის. უფრო მეტსაც გეტყვით, ანულირებულ შეთანხმაბას მოაწერა ხელი და გუშინ ამნისტიას, რომელიც შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტი იყო, მხარი არ დაუჭირა. არც ამაზე მსმენია ცალკეული საელჩოების მხრიდან... მე ეს მაფიქრებინებს, რომ ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან ინფორმაცია არ აქვთ, ან არ ვიცი, რა დავარქვა", - ამბობს ზარქუა. 

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა", რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა. 

მისი შეფასებით, წარუმატებლობა იყო, ასევე უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ვერმიღება, პირობის ვერდაკმაყოფილების გამო. 

პარლამენტში გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოცმათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

"ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს", - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტის შესრულებაზეც უარი თქვა. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად". 

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მას "სიმახინჯე" უწოდეს.


close დახურვა