logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: გვაცინებენ, თუ დაგვცინიან?!

08 სექ 202121:05
3 წუთის საკითხავი
clock 2193

5 მილიონი თითო სოფელს და ივანიშვილის უფასო ფული... გეღიმებათ, ხომ? "ქართული ოცნებისთვის მთავარი ღირებულება რომ ადამიანის სიცოცხლეა", ამაზე უკვე იცინით ალბათ. მსოფლიოში სამაგალითო კოვიდმენეჯმენტისა და გამოცდილების გასაზიარებლად ჟივილ-ხივილით რომ ჩამორბოდნენ ჩვენთან დასავლეთის დედაქალაქებიდან, ამაზე უეჭველი ხარხარებთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან, როცა ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ზესტაფონში ყავის პლანტაციები ბიბინებს, ტყიბული ტურიზმის მსოფლიო ცენტრი ხდება, ონი და კაირო კი სავაჭრო ურთიერთობების 3 ათას წლისთავს ზეიმობენ. ჩაბჟირდით ხომ სიცილით...

არადა აქ სასაცილო არაფერია. ოცნების ლიდერები კი არ ხუმრობენ, არამედ შეურაცხყოფას გვაყენებენ, ბოროტად დაგვცინიან. როგორც ჭკუასუსტებს - ისე გვეპყრობიან. თუმცა, რა გასაკვირია? როდესაც სხვა სიცრუესა და დაცინვაზე შესაბამისი პასუხი არ მიიღეს, მადაც გაეზარდათ და თავხედობის ხარისხიც. იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ყველაფერს დავიჯერებთ და მივიღებთ, მთავარია მიშა არ დაბრუნდეს...

ამ სიცილ-ღლიცინში ყველაზე მთავარი ყურადღების მიღმა გვრჩება: დღეში საშუალოდ 70 თანამოქალაქე კოვიდით გვეღუპება; რუსეთის სპეცაგენტები რუსთაველზე თავისუფლად დასეირნობენ; ოკუპანტები ადამიანებს და ასეულობით ჰექტარ მიწას გვტაცებენ; ქუჩებში, დღისით, მზისით ჟურნალისტებს სცემენ და კლავენ; ევროკავშირს შეთანხმებას ვურღვევთ და დახმარებაზე უარს ვეუბნებით; საზღვრები მორღვეული, სახელმწიფო კი მორყეული გვაქვს; ფულის ბეჭდვის შედეგად ვითომ გაზრდილ ეკონომიკას რეკორდული ინფლაცია, ანუ გაუფასურება ჭამს, ხალხი უფრო მეტად ღატაკდება; ახალგაზრდობა პერსპექტივა წართმეულად გრძნობს თავს და საზღვარგარეთ გარბის... ამაზეც ვიცინით?

თუმცა, ამ ბოლო დღეებში უკვე ოცნებას აღარც ეცინება და აღარც ხუმრობს. არჩევნებამდე, რომელიც მათი ძალაუფლების დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს, სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. ერთის მხრივ, გახარიას პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენამ და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობამ, მეორეს მხრივ კი ნაცმოძრაობის მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ მმართველ ძალას საკრალური 43 პროცენტის აღების შანსი პრაქტიკულად დაუკარგა და სრულ იზოლაციაში მოაქცია. ერთ მხარეს ოცნებაა - მეორე მხარეს კი ყველა სხვა, დასავლელი მეგობრების ჩათვლით. აგონიაში მყოფი მმართველი ძალა დღეს განწირული იბრძვის გადარჩენისთვის: კრიტიკულ მედიას უტევს, მათ მფლობელებს, მმართველებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კვლავ სასამართლოში იბარებს და პატიმრობასაც უსჯის; სუსი ოპოზიციურ კანდიდატებს აშინებს; სააკაშვილის ჩამოსვლის დაანონსების შემდეგ სასწრაფო წესით ალბათ ჰეროკრატიის ახალ სერიასაც იღებენ, რომელიც ოცნებას აპოკალიფსური სცენარის დახატვაში, მხარდამჭერთა მობილიზებაში და გახარიას მშრალზე დატოვებაში უნდა დაეხმაროს.

შესაძლოა ვხვდებით კიდეც, რომ ეს უწყინარი ხუმრობა სულაც არ არის და უმოწყალოდ დაგვცინიან, მაგრამ ხმის ამოღების გვეშინია, იმიტომ, რომ სისტემა დაგვიპირისპირდება და გაგვთელავს. გვეშინია სირცხვილის, იუთუბზე ატვირთული ვიდეოების, სამსახურის დაკარგვის, ცემის, დაჭერის, დაჭრისა თუ სიკვდილის, რაც ბუნებრივია, თუმცა, გეტყვით, რომ სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს. მას სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია და ეს ის მდგომარეობაა, როდესაც დაცინვას, შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას, წუმპეში ჯდომას ვეჩვევით და ამაზე ვიცინით. თუმცა, ხმის ამოღება და პასუხის გაცემა გვიან არასდროსაა. არჩევნები კი კარზეა მომდგარი.


close დახურვა