ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს არ იცნობს.
როგორც ღამბაშიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, ის მუსაკულოვთან ერთად ფოტოზე "სრულიად შემთხვევით" აღმოჩნდა.
ღამბაშიძის მტკიცებით, საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ მურსაკულოვთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
"ცნობით არ შემიძლია ვთქვა - ვიცნობ-თქო, ფოტოში აღმოვჩნდით სრულიად შემთხვევევით. ზარქუასთან ერთად ვიყავით, ეს არის 2019 წელი, თუ არ ვცდები, შუალედური არჩევნები", - ამბობს ის.
კითხვაზე, არის თუ არა მურსაკულოვი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი, ღამბაშიძემ ასე უპასუხა:
"ვერაფერს გეტყვით, თბილისთან მაგ მხრივ შეხება არ მაქვს. აქტივისტია თუ არა, ეს ალბათ უფრო თბილისის ორგანიზაციებს უნდა ჰკითხოთ", - თქვა მან.
8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
მურსაკულოვი Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს, გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთადაა გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ზარქუაა, ხოლო მეორე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძეა.
მურსაკულოვი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთაწმინდის ოლქში დამკვირვებელი უნდა ყოფილიყო.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.