ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ პრობლემად არ მიაჩნია, მას თუ უსმენენ და უთვალთვალებენ.
როგორც მან ფორმულას უთხრა, ეს ყველაფერი ჭორი ჰგონია.
"ვინც ჩამომითვალეს, ყველას ვიცნობ და მასეთი რამე გამორიცხული მგონია. ვიღაცა შეიძლება, რაღაცა ჭორს აგორებდეს, არ ვიცი.
მე არ მაღელვებს, მისმენდნენ. ჩემები კი არა, ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ მთავარია ღმერთი მიყურებს, ვიცი. პირადად მე თუ მიყურეს და მითვალთვალეს, პრობლემად არ მიმაჩნია", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, არ ჰგონია, რომ ფაილები სუს-მა გაავრცელა.
"სუს-ის თანამშრომელი თუ არის, მაგი ისეთი სამსახურია, სუს-ის თანამშრომელი მასეთ რამეს არ ავრცელებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება კითხვას, ვისზე აქვს ეჭვი, ის ასე პასუხობს:
"მაგალითად პოლიტიკური პარტიების იმიდან, არეულობა უნდათ და ეკლესიაში მაგით არეულობას ვერ შემოიტანენ".
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უთვალთვალებენ და აყურადებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.