logo
ENG



კობახიძე: ენმ-ის ლიდერებმა სირცხვილიას ერთ-ერთ წევრს კილერის იდეის გატესტვა სთხოვეს

15 სექ 202117:19
3 წუთის საკითხავი
clock 2680

იმ ფონზე, როცა სუს-იდან ათასობით ფაილმა გაჟონა, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ტოტალურად უთვალთვალებს ყველას - სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ელჩებს და მოქალაქეებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო პერიოდს უპრეცედენტოდ მშვიდს უწოდებს და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოდის. 

დღეს, 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ სიმშვიდის დარღვევა "ოპოზიციას და მისი ტელევიზიებს სურთ". 

"სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა". - თქვა მან. 

კობახიძის დაუსაბუთებელი ბრალდებები შეეხო მოძრაობა სირცხვილიას

"ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან". - თქვა კობახიძემ. 

მისივე მტკიცებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

"ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა. ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება. რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს.

აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე. 


close დახურვა