logo
ENG



ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ამის საშუალება - ღარიბაშვილი ელჩების მოსმენაზე

16 სექ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დიპლომატების მოსმენაზე კითხვის საპასუხოდ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ამის საშუალება აქვს ბევრ ადამიანს და ბევრ ქვეყანას".

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ქვეყანას აზიანებს და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი. მას ჰკითხეს რატომ უსმენდნენ ელჩებს, რაზეც მან უპასუხა:

"ეს უნდა დადგინდეს, უნდა დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, უსმენდა თუ არა ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას".

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ქართული ოცნება ჩანაწერებთან კავშირს უარყოფს და პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაკეთებული. გარდა ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ განიხილება ვერსია, ხომ არ იყო ფაილებთან კავშირში გახარია ან ხოჯევანიშვილი.


close დახურვა