logo
ENG



საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

17 სექ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock 934

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

"ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს", - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ მოუხსნა. ამის შემდეგ 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდა და ოპოზიციონერი დააკავა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მას პატიმრობა შეუფარდეს. მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა. გირაოს თანხა კი ევროკავშირმა გადაიხადა.

 


close დახურვა