შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია და უწყება ორ პირს ეძებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ვერაზე მომხდარი მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
„2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.
ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, დღის საათებში დაჭრეს - ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.