logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: რატომ?!

19 სექ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock 1438

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა ხელისუფლებაში, ბოლოს მოიფიქრეს: თავად პრემიერმა მოგვახსენა, რომ სუსის მხრიდან მასიური თვალთვალი და მიყურადება, თურმე პატრიარქისავე უსაფრთხოებისთვის ყოფილა აუცილებელი. ანუ მის გარემოცვას, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერმონაზვნებს, მათი ოჯახის წევრებს, საყვარლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ელჩებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, ადვოკატებს, ექიმებს, პოლიციელებს თუ მასწავლებლებს იმიტომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, რომ საქართველოში ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ფიგურა ფიზიკურად დაეცვათ. 

მეტიც, ამ ლოგიკით გამოდის, რომ: თავად პატრიარქსაც იმიტომ უსმენდნენ, რომ თავისი თავისგან დაეცვათ.

არ დააყოვნა საპატრიარქოს განცხადებამაც, რომელიც ხელისუფლების ამ არგუმენტის მხარდაჭერის მცდელობაა და რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურმე მათ თუ სუსი უსმენს და უთვალთვალებს, ეს მათივე ინტერესებისთვის და უსაფრთხოებისთვის კეთდება, აი პრობლემა კი  იმაშია, რომ კრიტიკულმა მედიამ ეს ამბავი გაიგო და ქვეყანას მოსდო. ანუ რიგით მღვდელს, ბერსა თუ მონაზონს რომ კელიაში უთვალთვალებენ და მრევლის აღსარება სუს-ის ფაილებში ხვდება - ეს თურმე საგანგაშო არ არის, აი არანორმალური და ტრაგიკული კი ის არის, რომ ამით მედია ინტერესდება და აშუქებს. 

მეტიც, საპატრიარქოს მსგავსი მიდგომა, ფსევდო-მორალური თუ ფსევდო-რელიგიური არგუმენტებით ამართლებს ავტორიტარიზმს. თუკი მიგაჩნია რომ ქვეყანაში არის ინსტიტუტი, ან თუნდაც ადამიანი, რაგინდ მნიშვნელოვანი და გავლენიანიც არ უნდა იყოს, რომლის უსაფრთხოებისთვისაც შეგიძლია წახვიდე უსაზღვრო და მასშტაბურ უკანონობაზე; დაარღვიო ყველა სამართლებლივი შეზღუდვა თუ მორალური პრინციპი; გათქვა აღსარების საიდუმლო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სარწმუნოებრივი პრინციპია და  რომლის დარღვევაზე დიდი ცოდვაც მღვდლისთვის არ არსებობს, სხვა რა არის ეს თუ არა უაღრესად საშიში ავტორიტარული მმართველობითი სისტემის ლეგიტიმაცია? და როდესაც ეს ყველაფერი შენს თვალწინ ხდება, და  ამის გამო კატეგორიულ პროტესტს არ გამოთქვამ, ანდა ამართლებ მას, თუნდაც ირიბად, ეს მხოლოდ ღირებულებათა აღრევა კი არ არის, არამედ სარწმუნოებისა და ეკლესიის მტრობაა, ქრისტიანობის არსის გაუგებრობა და კერპთაყვანისმცელობის ნათელი გამოხატულება.
და რა გგონიათ, რა ტიპის ინფორმაციას ეძებს სუსი როდესაც საეკლესიო პირებს უსმენს თუ უთვალთვალებს? პირველ რიგში ეს არის პატრიარქის გარემოცვის, სინოდის წევრების, ეპისკოპოსების, მღვდლებისა თუ ბერ-მონაზვნების პირადი ცხოვრების დეტალები, მათი ქონებრივი მდგომარეობა, ბიზნეს წილები, მრევლის რაოდენობა და საარჩევნო რესურსი. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პატრიარქის უსაფრთხოებასთან? -  არაფერი.  ...უსაფრთხოებასთან არაფერი, თორემ პირდაპირი კავშირი აქვს საეკლესიო პირების კომპრომატებით შანტაჟთან, მათ გადაბირებასთან, ამ მეთოდებით საპატრიარქოს, როგორც მკვეთრად იერარქიული და გავლენიანი ინსტიტუტის სრულად დამორჩილებასთან და ივანიშვილის ამოცანების შემსრულებელ ერთ-ერთ ორგანიზაციად გადაქცევასთან. ამიტომაც, სუსის მხრიდან მასიური მიყურადება და თვალთვალი სახელმწიფოს, ეკლესიასა და პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი არ არის, როგორც ამის შემოსაღებას ამ უბედურებისგან დაბნეული და შოკირებული საზოგადოებისთვის ივანიშვილი ღარიბაშვილის მეშვეობით უტიფრად ცდილობს, არამედ სწორედაც რომ პატრიარქის, დედა ეკლესიისა და საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუტის ძირის გამოთხრაა, რაზეც მილიარდერს საკადრისი პასუხი პირველ რიგში მრევლმა, ანუ იმ ადამიანებმა უნდა გასცენ, რომელთაც ეკლესიასა და პატრიარქის მომავალზე მართლაც ყველაზე მეტად შესტკივათ გული. 

ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ პოლიტიკურ ბოროტებას, არამედ თავისუფალნი ვართ პოლიტიკური სიკეთის ჩადენაში და როგორც  იაკობ მოციქულმა თქვა: "ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის  და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას" ( იაკ.4,17). ქრისტიანებს არ სჭირდებათ, რომ ტირანიის პასიური სამიზნეები იყვნენ. როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევით, თავისუფლებისკენ უნდა ვისწრაფოთ. წინასწარმეტყველები გაურბოდნენ გარყვნილ და უსამართლო იეზაბელ დედოფალს  (იმეფ.18), ისრაელი გაექცა ეგვიპტეს (გამოსვ.12) და თვით იესოს ოჯახიც გაექცა ჰეროდეს (მათ.2). ანუ ეს არა პასიური მყოფობა, არამედ მოქმედებაა. ისევე როგორც  პავლე მოციქულმა უსამართლობაზე უკან არ დაიხია, როდესაც მას მღვდელმთავრის მითითებით სილა გააწნეს და ამხილა და შეურაცხყოფაც მიაყენა მას - "საფლავო შეთეთრებულო, შენი ცემა ეგულვების ღმერთს", თავად იესო ქრისტეც კი ამხელდა უსამართლო მოპყრობას, როდესაც მას სილა გააწნეს ანნა მღვდელმთავართან -"თუ მცდარი რამ ვთქვი მითხარი, თუ სწორს  ვამბობ, რატომ მცემ?". დროა ჩვენც ვიმოქმედოთ და მინიმუმ კითხვა დავსვათ-რატომ?


close დახურვა