სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, სუს-იდან გამოჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში "ტოტალური მოსმენებია".
"გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე", - თქვა ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში.
მისი განცხადებით, ჩანაწერებში საკუთარი თავიც ამოიცნო და ადასტურებს იმ საუბარს, რომელიც მასალებშია.
ლომჯარიას თქმით, მოსმენების მიზანი, ალბათ, შეგროვებული მასალებით ადამიანების კონტროლია.
"მიზანი, ალბათ, არის ის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე, რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ", - თქვა მან.
წამყვანის კითხვაზე, როგორც სახალხო დამცველი, რას იტყოდა, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ის პასუხობს: "საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი".
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა საპატრიარქოც - მათი განცხადებით, ფაილებში დიდი ნაწილი, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.