logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ოცნების შემომწირველის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი მიიღეს

20 სექ 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock 1254
2021/09/20/57kx346zsxlkkn8.jpg
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველისა და რუსთავის საკრებულოს სიის მე-7 ნომრის მამუკა ხელაიას კომპანიებმა ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი მიიღეს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელაიას კომპანიებმა ტენდერების 37%-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. ასეთ პირობებში მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 3 640 948 ლარი შეადგინა.

ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ საერთო ჯამში ამ კომპანიის მიერ მოგებულმა ტენდერებმა 2015-21 წლებში 19 731 645 ლარი შეადგინა, საიდანაც 16 684 645 ლარი უკვე მიიღო სახელმწიფოსგან, ხოლო 3 047 000 აქვს მისაღები 2 მიმდინარე ტენდერიდან.

"მამუკა ხელაია 14 კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელთაგან ორი: შპს ვი-აი-პი + და შპს მ.კ.ბ-საქართველო, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურობს.

შპს ვი-აი-პი +, რომელიც 2013 წელს დაარსდა და რომლის 100% წილს მამუკა ხელაია ფლობს, სახელმწიფო შესყიდებში 2015 წლიდან აქტიურდება. ეს კომპანია სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო მისი დამკვეთები სხვადასხვა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოებია. საერთო ჯამში, 2015-21 წლებში, ამ კომპანიამ 46 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც მან 16,684,645 ლარი უკვე მიიღო, ხოლო 3,047,000 ლარი მისაღები აქვს 2 ახლად მოგებული ტენდერიდან.რაც შეეხება შპს მ.კ.ბ-საქართველო-ს, რომლის 37%-ს მამუკა ხელაია ფლობს. ამ კომპანიამ 2015 წელს სსიპ სსსტც "დელტა"-გან მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა, ჯამში 44,650 ლარის ღირებულების, რომელიც მას კომპანიას დელტას ბალანსზე არსებული სხვადასხვა ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის მოვლა-შენახვის მომსახურებისთვის გადაეცა.

მას შემდეგ რაც 2015 წლიდან მამუკა ხელაიას კომპანიებმა სახელმწიფოსგან დიდი რაოდენობით თანხების მიღება დაიწყეს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, ბიზნესმენი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველიც გახდა, კერძოდ: 2017-21 წლებში მან მმართველ პარტიას ჯამში 55,000 ლარი შესწირა, მათ შორის ბოლო 10,000-ლარიანი შემოწირულობა მან 2021 წლის 6 აგვისტოს გააკეთა, ხოლო აქედან 3 დღეში იგი რუსთავის საკრებულოს პროპორციული სიის მე-7 ნომრად დასახელდა ქართული ოცნებიდან.

ბიზნესმენ მამუკა ხელაიას შემთხვევა მმართველი პარტიისა და ბიზნესის შერწყმის კარგი მაგალითია, როცა ბიუჯეტის ხარჯზე ამ ორი სფეროს წარმომადგენელთა ვიწროპარტიული და პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად გამჭირვალე და არაკორუფციულ გარემოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა – ეკონომიურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით", - წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 


close დახურვა