logo
ENG



ალმა გამყრელიძეს: აცრას ბილბორდები უფასოდ ეთმობა, არასწორია, არაობიექტურად მოექცე ვინმეს

21 სექ 202111:05
3 წუთის საკითხავი
 

სოსო ფხაკაძის კომპანია ალმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ქვეყანაში 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი უფასოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას. გამყრელიძემ გუშინ, 20 სექტემბერს თქვა, რომ ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. 

ალმას ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანიამ 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი უფასოდ გამოყო, ეს აქცია კი 3 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. მათი თქმით, 3 თვის შემდეგ NCDC-ს მათთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და კამპანიის გაგრძელება არ უთხოვნია. მიუხედავად ამისა, მათ ბილბორდები მაინც დატოვეს.

მათი თქმით, პატივს სცემენ გამყრელიძეს, თუმცა მიაჩნიათ, რომ "არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს".

"აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ "ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან".

მათივე თქმით, კომპანიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია "სისხლიანი ბანერების" შინაარსი და ვიზუალიზაცია, რომელმაც, მათივე თქმით, საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.

კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს.

20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ.


close დახურვა