logo
ENG

ნიკა გვარამია სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით გამოიკითხა

21 სექ 202117:32
3 წუთის საკითხავი
clock 355

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხეს.

გვარამიას თქმით, კითხვები ეხებოდა მის განცხადებას იმაზე, რომ სუს-ის ფაილების გავრცელების შემდეგ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ უნდა გავრცელდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. 

გვარამია ამბობს, საგამოძიებო უწყებაში მას ჰკითხეს, საიდან ფლობდა ის ამ ინფორმაციას, თუმცა გვარამიამ წყარო არ დაასახელა.

"მკითხეს ჩემს განცხადებაზე ქართულ ოცნების თათბირის შესახებ ფარული თვალთვალის ვიდეომასალების გამოქვეყნებაზე. წყარო მკითხეს, წყარო არ ვუთხარი რა თქმა უნდა. მეორე იყო დიტო სამხარაძეზე, რასაც ის ლაპარაკობს თავის აქტივში, რეგიონებში და ყველგან ერთი და იგივეს ამბობს - ნუ გეშინიათ, მომავალ კვირაში პირადი ცხოვრების ისეთ ვიდეოებს გამოვდებთ, ესენი ყველანი დამთავრდებიანო. ამაზეც მკითხეს, დავადასტურე და ვუთხარი, რომ ნამდვილად ასეა და ვიცი", - ამბობს გვარამია. 

რაც შეეხება სუს-იდან გამოჟონილ ფაილებს, ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გამოკითხვაზე გვარამიას ჩანაწერებიდან კონკრეტული საუბრები გააცნეს და ნიკა გვარამიამ მათი ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ მსგავსი ტიპის საუბრები კონკრეტულ ადამიანებთან ნამდვილად ჰქონდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 

close დახურვა