logo
ENG



დმანისში დაჭრაზე ერთი პირი დააკავეს - ფორმულას ინფორმაციით, ის ოცნების მაჟორიტარის შვილია

22 სექ 202109:48
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში ოპოზიციის აქტივისტების დაჭრის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით დაკავებული დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის,მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილია.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი. 

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. თავდამსხმელებად მანაც ზურაბ ოკმელაშვილი, "ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი დაასახელა. 


close დახურვა