logo
ENG



გაიუს მარიუს ობობა და ადამ არშანია შალვა პაპუაშვილის გასაუქმებელი ტროლების სიაში

22 სექ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock 6808
2021/09/22/nq8omnffe4nxi3c.png

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გამოავლინეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. 

პაპუაშვილის თქმით, გამოვლინდა არაავთენტური ქცევის მქონე 150 გვერდი, რომელიც იყენებს ზიზღის ენას და ავრცელებს დეზინფორმაციას მმართველი პარტიის შესახებ. 

ოცნების წევრი ამბობს, ამ გვერდების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ ადმინისტრაციას გაეგზავნება, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

პაპუაშვილის თქმით, სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

ასეთ ანგარიშებს შორის გაიუს მარიუს ობობა და ადამ არშანიაც მოხვდნენ.

გაიუს მარიუს ობობა ტროლი არ არის, ის რეალური ადამიანია. 

პაპუაშვილის ტროლების სიაში მოხვდა ილუსტრატორი ნუგზარ მეტრეველიც, რომელიც ქართული ოცნების შესახებ შარჟებს აქვეყნებს. 

პაპუაშვილისვე განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას ძირითადად სამი მიმართულება აქვს:

  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.
  • ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია.
  • კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება. 

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო რამდენჯერმე წაშალა ასობით გვერდი, რომელიც მმართველ გუნდთან იყო დაკავშირებეული

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა წაშალა 418 ქართული ანგარიში - 39 პროფილის, 344 გვერდის, 13 ჯგუფის და 22 ინსტაგრამ ანგარიში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

2020 წლის მაისში კი ფეისბუქმა კიდევ ერთი წმენდა განახორციელა და წაშალა 790 ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებსაც კოკა ყანდიაშვილი მართავდა - გაუქმდა 511 გვერდი, 122 ჯგუფი, 101 ფეისბუკის და 56 ინსტაგრამის ანგარიში - ყველა მათგანი, ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციით, მართული იყო „ესპერსონას" მიერ. უმრავლესობა კი ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი.

კოკა ყანდიაშვილი, თავის მხრივ, ქართული ოცნების მხარდამჭერია და მისი შექმნილი კონტენტი ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური შინაარსის იყო. 


close დახურვა