logo
ENG



ტიკარაძე: ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია

22 სექ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock 839

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისთვის ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ჩანაცვლება მიუღებელია. 

ის პასუხისმგებლობას სარეკლამო კომპანიას აკისრებს და ამბობს, რომ ალმა უნდა დაინტერესებულიყო, რამდენად "სწორი ბანერებით" ჩაანაცვლა ვაქცინაციის ბანერები.

"ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, ასევე სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია ალმასგან, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაკვეთა. აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ალმასგან გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერით", - თქვა ტიკარაძემ.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.

კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს.

20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ.


close დახურვა