logo
ENG



პაპუაშვილი ელჩის დაბარებაზე: როცა მედიაში ხდება ამ საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ

22 სექ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock 1257

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე პასუხისმგებლობას მედიას აკისრებს. 

ჟურნალისტების კითხვის პასუხად ქართული ოცნების წევრმა თქვა: 

"არაფერი ამაში სკანდალური არ არის. მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა, იმ პირობებში, როცა ამ თემაზე, სამწუხაროდ, მერამდენე დღეა, მედიით ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ჩვენი არხებით, რა თქმა უნდა, ვართ, რომ განმარტებები მივცეთ".

სუს-ის მიერ ელჩების მოსმენების გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს.

ამის შესახებ დღეს კარლ ჰარცელმა თქვა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული". - თქვა კარლ ჰარცელმა. 

***

გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

ფაილებში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან. მაგალითად, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი ლაპარაკობდნენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ფაილებში იძებნება რან გიდორისა და პროტოპრესვიტერის განხილვები, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.

გაშიფრულია საელჩოს თანამშრომლის საუბარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ ელჩს მასთან შეხვედრა სურს. 

გარდა ამისა, მოყვანილია აღნიშნული თანამშრომლისა და სავარაუდოდ ელჩის მძღოლის საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. 

ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაილებიდან აშკარად ირკვევა, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენდა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, საქართველოში დიპლომატების ფარული მიყურადება არ ხდება. 

"ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამ ე.წ. მოსმენებიდან ჩვენ ვერ გავიგეთ. არანაირი დიპლომატების მოსმენას საქართველოში არ ხორციელდება". - თქვა მან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა