logo
ENG



ქარტია პაპუაშვილზე: ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს

14 სექ 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/4zax1oo365w6dth.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო დროს მედიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. ქარტიაში OC Media-ს დონორებთან პარლამენტის კომუნიკაციას თავისუფალ, მიუკერძოებელ, მედიის დევნის მცდელობად აფასებენ.

განმარტავენ, რომ მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან წინააღმდეგობაშია. ასევე, საუბრობენ მთის ამბების რედაქტორზე, გელა მთივლიშვილზე გაკეთებულ განცხადებაზეც და აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

"ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. მთის ამბების რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე წყალში გადაგდებით. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არაკაცი უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა".

გარდა ამისა, ეხმაურებიან პაპუაშვილის მორიგ განცხადებასაც, სადაც ის ქარტიას მიუთითებს, თუ რა უნდა იყოს მისი "მთავარი ამოცანა". ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენებენ, რომ ქარტია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ, რით უნდა იყოს ის დაკავებული.

"ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით [...] საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე", - მიუთითებენ ქარტიაში. 

***

12 სექტემბერს OC Media-მ დაწერა, პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, მან გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

უკვე დღეს, 14 სექტემბერს პაპუაშვილი მთის ამბების რედაქტორს, გელა მთივლიშვილსაც დაესხა თავს და მას "თვითგამოცხადებული ჟურნალისტი" უწოდა. 


close დახურვა