logo
ENG



ეს იყო სამარცხვინო პროვოკაცია - ქემოკლიძე მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

23 სექ 202118:14
3 წუთის საკითხავი
clock 942

პარტია საქართველოსთვის წევრი, კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირება "სამარცხვინო პროვოკაცია" იყო, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გამოიწვია. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ეს იყო სამარცხვინო პროვოკაცია ენმ-ს წარმომადგენლების მხრიდან და კიდევ უფრო სამარცხვინო იყო პროვოკაციაზე წამოგებული მმართველი ხელისუფლება. ეს რას მაგონებს იცით? ქართულ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას, მასკარადსა და ცირკს. იმის ნაცვლად რომ პოლიტიკოსები მუშაობდნენ საქმეზე, ჩვენ ვუყურებთ ამ მასკარადს", - თქვა ქემოკლიძემ.

ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა:

"შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი".

როცა მელია კობახიძესთან კითხვით მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ POSTV-ის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".

პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. 

მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა. 


close დახურვა