ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა:
"შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი".
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა. ოფისთან მისული იყო ნიკა მელიაც, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ისიც უნდა შეხვდეს.
როცა მელია კობახიძესთან კითხვით მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ POSTV-ის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".
პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა.
მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა.
დაპირისიპირებამდე, კობახიძე ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე საუბრობდა, მათ შორის დმანისის ინციდენტზე. მან თავდასხმას "სამწუხარო ინციდენტი" უწოდა და აღნიშნა, რომ სხვა რეგიონებში პროვოკაციის აცილება თავიდან შესაძლებელი გახდა.
21 სექტემბერს დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი. დაკავებულია ერთი პირი.