საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიებსა და "მათ უკან მდგარ" პირებს მიმართავს. საპატრიარქოს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაჟონილ ფაილებზე ისაუბრა.
ჯაღმაიძემ გააკრიტიკა ტელევიზიები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ტელევიზიები მონდომებულნი არიან, ეკლესია პოლიტიკაში ჩართონ.
"ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე", – განაცხადა ჯაღმაიძემ.