logo
ENG



მშენებლობამ გრემის ტაძარი სავარაუდოდ დააზიანა, კომპანიას მხარს ბერა უჭერს - სუს-ის ფაილები

25 სექ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock 2138

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების ნაწილი გრემის ტაძართან მიმდინარე მშენებლობებს ეხება, რამაც სავარაუდოდ ტაძარი საგრძნობლად დააზიანა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ როდესაც საცურაო აუზისა და სასტუმროს მშენებლობისთვის გრემის მონასტრის გვერდით მიწა გაიყიდა, ამას წლების განმავლობაში აპროტესტებდა ნეკრესის ეპისკოპოსი სერგი ჩეკურიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კოვიდით გარდაიცვალა და დღეს სწორედ გრემში დაკრძალეს.

სუს-ის ჩანაწერების მიხედვით, მიწის გასხვისებისა და მშენებლობის მომხრე იყო ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი. სუს-ის ფაილების გაცნობისას ირკვევა, რომ ნეკრესელი ეპისკოპოსი ამ გადაწყვეტილების გამო ალავერდელ მღვდელმთავარს დაუპირისპირდა კიდეც. სერგი ჩეკურიშვილი სთხოვდა ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს, ითხოვდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც, რათა მისთვისაც ეჩვენებინა ფოტო და ვიდეო მასალა - როგორ დააზიანა გრემი მშენებლობამ.

ჩანაწერების მიხედვით, მეუფე სერგი ალავერდელ მიტროპოლიტ დავითზე საუბრობს, რომელიც ამავე დროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების სამსახურის უფროსი იყო.

მასალების მიხედვით, დაახლოებით ერთ თვეში ნეკრესის მიტროპოლიტი პატრიარქის თანაშემწეს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ "გრემის სამონასტრო კომპლექსის" მიმდებარედ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ტერიტორიაზე საცურაო აუზების აშენების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ბურღვითი სამუშოები. მიტროპოლიტის თქმით, ვიბრაციის შედეგად ზიანდება მონასტრის ჭერი და არის ჩამონგრევის საფრთხე. ამავე საბუთებში წერია, რომ ბიზნესმენი, რომელიც ამ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, აცხადებს, რომ მას წამოწყებულ საქმიანობაში მხარს ბერა ივანიშვილი უჭერს.

ამჟამად გრემის მახლობლად მშენებლობა გაჩერებულია. შეჩერებულია მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებიც. პროექტის მიხედვით, აქ უნდა აშენდეს მარნები და კვების ობიექტები. პროექტს შპს კორპორაცია გრემი ახორციელებს, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ნიკოლოზ თუშიშვილია.

მასალებში დეტალურად არის აღწერილი ისიც, როგორ ცდილობს ნეკრესელი ეპისკოპოსი გრემის გადასარჩენად მაღალი იერარქიის საერო და სასულიერო პირების ყურადღების მიპყრობას. ყველაზე ხშირად მეუფე თეოდორეს ესაუბრება, არსებული მდგომარეობის შესახებ უყვება საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტს, პატრიარქის თანაშემწე დავით ჭინჭარაულს და მოსაყდრე შიო მუჯირს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელიც გრემის ნგრევის შესახებ ატყობინებს თბილისის მერ კახა კალაძეს, პარლამენტის წევრებს და თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას აწვდის მაშინდელ პრემიერ გიორგი გახარიას. ჩანაწერებით ირკვევა, რომ მეუფე სერგი, რომელსაც გრემის გადარჩენის ყველა იმედი ამოეწურა, ეკლესიიდან წასვლას აპირებს და ამის შესახებ უკრაინული ეკლესიის მიტროპოლიტ პავლესაც შესჩივლებს.

დღეს შაბათის ფორმულას დაუკავშირდა შპს კორპორაცია გრემის წარმომადგენელი. ქეთევან თუშიშვილის თქმით, გურჯაანის რაიონული სასამართლოსგან აქვთ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა, მაგრამ ახლა ამის საშუალებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევთ. მან ასევე მოგვაწოდეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების მიმდინარეობისას ვიბრაცია დასაშვებზე 10-ჯერ ნაკლებია. 


close დახურვა