logo
ENG



გერმანიის პარლამენტში ორი ტრანსგენდერი ქალი იქნება

27 სექ 202119:29
3 წუთის საკითხავი
clock 1544
2021/09/27/b9zkgre5g3xzgra.png
Reuters

გერმანიაში 26 სექტემბერს გამართული არჩევნების შედეგების თანახმად, ბუნდესტაგში ორი ტრანსგენდერი ქალი იქნება. მწვანეთა პარტიის წევრები გერმანიის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალები არიან, ვინც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებენ. 

ტესა განზერერი და ნაიკ სლავიკი მწვანეთა პარტიიდან იყრიდნენ კენჭს. მწვანეებმა წლევანდელ არჩევნებზე მათი 2017 წლის შედეგი თითქმის 6%-ით გააუმჯობესეს და 14.8%-ით მესამე ადგილს იკავებენ. ისინი კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესშიც იქნებიან ჩართულნი.

„ეს მწვანეთა ისტორიული გამარჯვებაა, თუმცა, ამავდროულად, უდიდესი წინსვლა ქვიართემისთვის" - ამბობს 44 წლის ტესა განზერერი, რომელიც 2013 წელს ბავარიის რეგიონულ პარლამენტში იყო არჩეული.

​განზერერის თქმით, მისთვის პრიორიტეტული იქნება ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, სქესის შეცვლის შემდეგ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღების გამარტივება. განზერერი ორი შვილის დედაა და ამბობს, რომ სურს საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევა, რათა ლესბოსელ წყვილებსაც შეეძლოთ ბავშვის შვილად აყვანა.

კიდევ ერთი ქალი, ვინც მწვანეთა პარტიის სიით მოხვდა ბუნდესტაგში, ნაიკ სლავიკია. 27 წლის დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის შედეგები დაუჯერებელიც კი იყო. 

„სიგიჟეა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, თუმცა ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ ბუნდესტაგის წევრი ვიქნები", - დაწერა მან ინსტაგრამზე.


close დახურვა