logo
ENG



გაბუნია: ბავშვის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება მისი გარემოცვის აცრაა

28 სექ 202116:44
3 წუთის საკითხავი
clock 1088
გაბუნია: ბავშვის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება მისი გარემოცვის აცრაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მშობლებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ახლა, როცა სწავლა საკლასო ოთახებში გაიხსნება, ასევე იხსნება ბაღები, მნიშვნელოვანია ბავშვის გარემოცვის აცრა. 

"ეპიდემიური რისკები ჩვენ გარშემო მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა. 

გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია, რომლის მაჩვენებელიც არის კარგი სკოლის თანამშრომლებს შორის, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც

ვინაიდან, მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ. ბავშვისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის მისი გარემოცვის აცრა. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, აიცრან, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის გავრცელება და სწავლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

კლასებსა და აუდიტორიებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდება. გაიხსნება საბავშვო ბაღებიც. 

სკოლებში დამატებითი მოთხოვნაა პირბადის ტარება მათ შორის მცირე ასაკის ბავშვებისთვის - დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის. 

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 

რაც შეეხება გრიპს - საქართველოში გრიპის აცრა ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, მიმდინარე სეზონზე ვაქცინების შემოტანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 


close დახურვა